Ordet
Ordet არის ფილმი რწმენასა და რელიგიაზე, ან რწმენის რყევასა და რელიგიის კრიტიკაზე.. ვფიქრომ თითოეული ჩვენგანი მეტად განსხვავებულ დასკვნებს გამოვიტანთ ამ შთამბეჭდავი ფილმის ნახვის შემდეგ. სიუჟეტი გვთავაზობს პერსონაჟების ღრმა, ჩამოყალიბებულ და დეტალურად განვითარებულ არქეტიპებს, რომელტა ცხოვრებაც სრულიად, მაგრამ ინდივიდუალურად განსხვავებულად, დაკავშირებულია რწმენასა და ქრისტიანობასთან. თითოეული მათგანი განსხვავებულად უყურებს რწმენას. (პერსონაჟების სახელებს ვერ ვიმახსოვრებ ძირითადად და ცოტა ნიქნეიმებით ვისაუბრებთ :3) მორტენი-მამა, ოჯახის მთავარი და მორალური “მოძღვარი”, უფრო ოპტიმისტურ რწმენის ტრადიციას მიყვება, ვიდრე მისი თანასოფლელები, იგი ცხოვრების დიდ ნაწილს რელიგიას უთმობს, მაგრამ ფილმის განმავლობაში ვხედავთ თუ როგორ ინგრევა მისი გულუბრყვილო და წმინდა რწმენა…უფროსმა მიკელმა მთლიანად უარყო რწმენა… თუმცა მისი ცოლი ინგერი ნამდვილი მორწმუნეა!. შუათანა ვაჟმა იოჰანესმა განიცადა ფსიქიკური აშლილობა და თვლის, რომ ის არის ხორცშესხმული იესო ქრისტე, ყოვლის გამნათებელი და ყოველთა მხსენლი. (სწორედ ეს შუათანა გამოირჩევა ინტელექტითა და თეოლოგიის ინტერესით და სწორედ ღმერთთან ასე ახლოს მისვლით და ამბიციითაა გამოწვეული მისი შეშლილობა. იქ მივიდა, სადაც არ უნდა მისულიყო). უმცროსი ანდერსი იზიარებს მამის რწმენას, მაგრამ ფილმის ხანგრძლივობის განმავლობაში უფრო მეტად თავისი საყვარელი ანის ხელის სათხოვნელად იბრძვის. ანუ ამ პერსონაჟს ხორციელი ინტერესის გარდა არაფერი გამოუხატავს, მაგრამ მამის თვალში ისიც ქრისტეს მსახურია. ამ პერსონაჯებში მკვეთრად ჩანს რწმენის ლიმიტიც და მისი დამახინჯებული ფორმაც. ეს თითქოსდა ქრისტიანობით შებყრობილი ხალხი დღითიდღე ხდება ისევ რწმენის ლიმიტის მსხვერპლი. ისინი ლაპარაკობენ რწმენაზე, როგორც სიცოცხლის ერთადერთ გზაზე და რელიგიაში ხედავენ სიცოცხლის მიზანსა და არსს.. მაგრამ ამ პროცესში სწორედ რომ სიცოცხლე და მორალი ქრება. ისინი განსჯიან ადამიანს, რომელსაც თავი იესო ჰგონია და მას ღმერთის შეურაცყოფას აბრალებენ, როცა თვითონ ისე საუბრობენ, თითქოს ღმერთს იცნობენ. ერთმანეთს განსჯიან, რადგან რწმენას სხვადასხვანაირად უყურებენ, ერთმანეთს წყევლიან და დასცინიან, რიყავენ და ამცირებენ, ამ ყველაფერს კი ისევ და ისევ ღმერთის სახელით აკეთებენ. ჰიპოკრიტად ქცეულ საზოგადოებას ვუყურებთ, რომელსაც რწმენა ერყევა, მაგრამ კრიტიკულ სიტუაციაში ხსნას მაინც ღმერთში ხედავენ. მორტენის ეჭვები რწმენისადმი მომენტალურად ქრება, როცა ის გადაწყვეტს ღმერთს ადიდოს იმ იმედით, რომ ინგერს დაინდობს. მიკელი კარგავს რწმენას, რომელსაც ის ცოლის ხათრით ინარჩუნებდა ათწლეულების მანძილზე (მისი ცოლი მისი რწმენის დემონსტრაცია იყო, რწმენა= სიყვარული ამის თვალში) როდესაც ექიმი დედის მუცლიდან მკვდარ ახალშობილ შვილს გამოიყვანს. და, იოჰანესი კი ამ ყველაფერს უყურებს და შეძრწუნებულია ამ ხალხის რწმენის ნაკლებობით. ის წინასწარმეტყველებს ინგერისა და ბავშვის სიკვდილს და იფიცება, რომ ხედავს თავად სიკვდილს. (თუ დააკვირდებით ფილმში მინიმალური კადრის რაოდენობაა და ბევრი რაღაც ვიცით, მაგრამ ვერ ვხედავთ და სწორედ მსგავსი პერსონაჟია იოჰანესიც. ის ხედავს იმას რასაც სხვები ვერ ხედავენ და სწორედ იმიტომ, რომ გიჟია. სიგიჟე ტვინში ახალ კარს აღებს). თითოეულ პერსონაჟს რომ ვუყურებთ და მათ რწმენებს “ვაფასებთ” მივხვდებით, რომ ზოგის ძლიერი რწმენის მიუხედავად მათ არ აქვთ კაცობრიობის რწმენა და სიცოცხლის დაფასების უნარი, რადგან ისინი იმდენად შებყრობილნი არიან საკუთარი რწმენის რაციონალიზაციით, რომ ავიწყდებათ რწმენის წმინდა და გულუბრყვილო ფორმა (რომელიც მხოლოდ ინგერის შვილს და შეშლილ ძმას აქვთ). სწორედ ამ მეტად მარტივმა და ნამდილმა რწმენამ შეძლო ჩვენი პერსონაჟების იმედ დაკარგული ცხოვრების სასწაულით გალამაზება.. სასწაულმა კი თითოეულ პერსონაჟს ცხოვრების ახალი პერსპექტივა მისცა. ეს სასწაული მხოლოდ მაშინ მოხდა, როცა სასოწარკვეთამ მოიცვა ხალხის გონება და უკვე აღარ იყო რაციონალიზაციის, ეგოიზმისა და სიამაყეზე ფიქრის დრო. კორუფცია და დოგმა ქრება და გვრჩება ნამდვილი ემოცია და სასწაული…არის თუარა ეს სასწაული რელიგიური და ქრისტიანული უკვე სხვა საკითხია, მაგრამ ერთ დეტალს მინდა გავუსვა ხაზი. ინგერი გაცოცხლების შემდეგ მხოლოდ ერთ სასწაულზე საუბრობს-სიცოცხლეზე. “სიცოცხლე..” ტკბილცხარე ცრემლებით კვნესის ამ სიტყვას და ეტრფის მის ქმარს. სიცოცხლეა ის, რისი რწმენაც უნდა გვქონდეს…ცხოვრება ძვირფასია, ღირებული და ფასეულია. ის მისტიკური და ტკბილია და რელიგიითა თუ მის გარეშე, დიდებას იმსახურებს.
თავად ფილმი საკმაოდ ნელი, მაგრამ რიტმული და ლამაზი იყო. თითოეული დიალოგი თეარალური და გათვლილი იყო და ყველა სიტყვა რაღაც ახალ აზრს ბადებდა ჩემს გონებაში და ახალ გრძნობას იწვევდა ჩემს გულში. შუათანა ძმა განსაკუთრებით საინტერესო იყო ჩემთვის, ზოგადად სიგიჟე საინტერესო თემაა და სასიამოვნო იყო ამაზე ფიქრიც სხვა თემებთან ერთად. ვისიამოვნე, მაგრამ დავირალე და უბრალოდ ღრმა ფიქრის სურვილი გამიჩინა.